მოგეხსენებათ, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო აღსრულების ქვემდებარე აქტების საფუძველზე და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს იძულებით აღსრულებას.
იძულებით აღსრულებას, მათ შორის, ექვემდებარება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე დაკისრებული ჯარიმები, მათზე დარიცხული საურავები, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სასარგებლოდ ქონებრივი გადახდევინებები და სხვა.
იძულებითი აღსრულების დაწყებამდე მოვალეს ეძლევა 10-დღიანი ვადა, რათა მან ნებაყოფლობით შეასრულოს ვალდებულებები. იმ შემთხვევაში, თუ მოვალე, თავისი ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, მოკლებულია შესაძლებლობას, დადგენილ 10-დღიან ვადაში ერთიანად გადაიხადოს დაკისრებული ვალები, ის უფლებამოსილია განცხადებით მიმართოს აღმასრულებელს და მოითხოვოს გადასახდელი თანხის განწილვადება.
აღნიშნულ საქმეებზე თავისი ინიციატივით, ხოლო სხვა საქმეებზე — კრედიტორის თანხმობით აღმასრულებელი უფლებამოსილია გადაუნაწილოს მოვალეს დაკისრებული თანხა არა უმეტეს 12 თვის ვადით, რაც მნიშვნელოვნად ამსუბუქებს მოვალის ეკონომიკურ მდგომარეობას და ხელს უწყობს ვალდებულების შესრულებას.
დაკავშირებული სერვისები: სასამართლო დავები, არბიტრაჟი და აღსრულება · ადმინისტრაციული სამართალი