LCG LEGAL · ბლოგი

თავდებობა სესხზე: რისკები და თავდების უფლებები

სესხის უპრობლემოდ დაბრუნების მიზნით ბანკები, გარდა იპოთეკისა და გირავნობისა, ხშირად მიმართავენ თავდებობის ინსტიტუტსაც. თავდებობა არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, რომლის ძალითაც თავდები საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას, გადაიხადოს სხვისი სესხი, თუ ძირითადი მოვალე (მსესხებელი) არ ან ვერ იხდის მას.

არსებობს ორი ტიპის თავდებობა: სოლიდარული და სუბსიდიური.

სუბსიდიური თავდებობის დროს კრედიტორი ჯერ ცდილობს, მოთხოვნის დაკმაყოფილება ძირითადი მოვალისგან მიიღოს, და მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია, მოთხოვნა თავდებს წაუყენოს. სოლიდარული თავდებობის დროს კი ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში კრედიტორი უფლებამოსილია მოთხოვნა პირდაპირ თავდებს წაუყენოს.

გაითვალისწინეთ, რომ ყოველთვის არსებობს რისკი, რომ ძირითადმა მოვალემ არ შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება ან არაჯეროვნად შეასრულოს ის.

თავდებად დადგომის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე მიზანშეწონილია, რომ პირმა გააანალიზოს რისკები, შეაფასოს არა მხოლოდ საკუთარი ფინანსური შესაძლებლობები, არამედ იმ პირის ეკონომიკური მდგომარეობა, რომლის სესხზეც აპირებს თავდებად დადგომას.

იმ შემთხვევაში, თუ თავდების ვალდებულებები იკისრეთ, გახსოვდეთ, რომ გაქვთ უფლება:

  • წამოაყენოთ ძირითადი მოვალის კუთვნილი შესაგებლები, მაშინაც კი, თუ ის მათზე უარს იტყვის;
  • ნებისმიერ დროს მოითხოვოთ კრედიტორისგან ინფორმაცია ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ;
  • კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიმციროთ პასუხისმგებლობა ან სულაც გათავისუფლდეთ ნაკისრი ვალდებულებებისგან;
  • თქვენ მიერ სესხის გადახდის შემთხვევაში დაიკავოთ კრედიტორის ადგილი და თანხის დაბრუნების მოთხოვნა წაუყენოთ ძირითად მოვალეს.

დაკავშირებული სერვისები: სამეწარმეო და სახელშეკრულებო სამართალი · საბანკო, საფინანსო და სადაზღვევო სამართალი · სასამართლო დავები, არბიტრაჟი და აღსრულება

გჭირდებათ იურიდიული დახმარება?

მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ. მზად ვართ თანამშრომლობისთვის.

დარეკვაWhatsApp