საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის თანახმად, „ადამიანის პირადი ცხოვრება და კომუნიკაცია ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში“.
კონსტიტუციის მე-12 მუხლის თანახმად კი „ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება“.
აღნიშნული მუხლების მიზანია, დაიცვან ადამიანის კომუნიკაცია და აზრის თავისუფალი გამოხატვა გარეშე პირთა არასასურველი მონაწილეობისგან.
ეს უფლებები ინდივიდს აძლევს შესაძლებლობას, თავად განსაზღვროს კომუნიკაციის შინაარსი და პარტნიორი. ამავე მიზეზით, პირადი შეხვედრისას გამართული საუბრის ფარული აუდიოჩანაწერი ვერ ჩაითვლება სასამართლოში წარსადგენ დასაშვებ მტკიცებულებად, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსამართლე ფარულ აუდიო- ან ვიდეოჩანაწერს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღებს, მაშინაც კი, როცა აღნიშნული ჩანაწერით დასტურდება ერთ-ერთი მხარის მიერ ჩადენილი დარღვევის ფაქტი.
ამ წესს ეხმიანება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლი, რომლის თანახმადაც კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არა აქვთ.
მიუხედავად ამისა, არსებობს განსხვავებული სასამართლო პრაქტიკა. სასამართლომ შესაძლოა კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება დასაშვებად ცნოს, თუ საქმე ეხება დავის განსაკუთრებულ კატეგორიას, როგორიცაა, მაგალითად, შრომითი ურთიერთობებიდან გამომდინარე დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა და სხვა.
დაკავშირებული სერვისები: სასამართლო დავები, არბიტრაჟი და აღსრულება · სისხლის სამართალი · შრომის სამართალი