შრომის თავისუფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) N29 და N105 კონვენციებით:
- ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება;
- აკრძალულია იძულებითი და სავალდებულო შრომა;
- დაუშვებელია პირზე ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზემოქმედება სამუშაოს იძულებითი შესრულების მიზნით;
- ხელმომწერი სახელმწიფო ვალდებულია რატიფიცირებული კონვენციებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად გაატაროს ყველა საჭირო ღონისძიება, რათა გამოირიცხოს იძულებითი შრომა როგორც საკანონმდებლო დონეზე, ისე პრაქტიკაში.
მიუხედავად ამისა, არსებობს სამუშაოები, რომლებზეც კონვენციების მოქმედება არ ვრცელდება და, შესაბამისად, მათი შესრულება სავალდებულოა. მათ შორისაა:
- კანონით გათვალისწინებული სამხედრო სამსახური და წმინდა სამხედრო ხასიათის სამუშაოები;
- სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით გათვალისწინებული სავალდებულო შრომა;
- ნებისმიერი სამუშაო და სამსახური, რომელიც მოეთხოვება პირს საგანგებო მდგომარეობის დროს, ომის ან მოსალოდნელი თუ არსებული კატასტროფის შემთხვევაში, ხანძრის, წყალდიდობის, შიმშილის, მიწისძვრის, ძლიერი ეპიდემიის და სხვა გარემოებათა გამო, რომლებიც საფრთხეს უქმნის ან შეიძლება შეუქმნას მოსახლეობის ან მისი ნაწილის სიცოცხლეს ან ნორმალურ სასიცოცხლო პირობებს;
- ნაფიც მსაჯულთა სამსახური და სხვა.
დაკავშირებული სერვისები: შრომის სამართალი