უნებართვო ან პროექტის დარღვევით წარმოებული მშენებლობის დაკანონება (ლეგალიზაცია)
აშენებული გაქვთ სახლი, მიშენება ან სხვა ნაგებობა ნებართვის გარეშე ან ნებართვიდან გადახვევით? ასეთი ნაგებობის დაკანონება კანონით დადგენილ შემთხვევებში შესაძლებელია, თუმცა დოკუმენტების სწორ მომზადებასა და კანონის მოთხოვნების დაცვას მოითხოვს. გეხმარებით მთელ პროცესში, შეფასებიდან გადაწყვეტილების მიღებამდე.
რას ნიშნავს დაკანონება (ლეგალიზაცია)
უნებართვო ან პროექტის დარღვევით წარმოებული მშენებლობის დაკანონება, ანუ ლეგალიზაცია, არის პროცედურა, რომლის შედეგადაც ასეთი შენობა-ნაგებობა კანონიერად აღიარდება. დაკანონების შემდეგ შესაძლებელია ნაგებობის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, გაყიდვა, იპოთეკით დატვირთვა და სხვა სამართლებრივი მოქმედებები.
დაკანონების შესაძლებლობა დამოკიდებულია ნაგებობის სახეზე, მის მდებარეობაზე, მიწის ნაკვეთის სტატუსსა და კანონით დადგენილ სხვა პირობებზე. ამიტომ ყოველი შემთხვევა ინდივიდუალურ შეფასებას საჭიროებს.
რა შემთხვევებში გეხმარებით
- ნებართვის გარეშე აშენებული საცხოვრებელი სახლი ან სხვა შენობა;
- მიშენება, დაშენება ან სართულის დამატება;
- ნებართვიდან ან შეთანხმებული პროექტიდან გადახვევით აშენებული ნაგებობა;
- მუნიციპალური ინსპექციის მიერ დაკისრებული ჯარიმა ან გაცემული მითითება დაკანონებასთან დაკავშირებით;
- დაკანონებაზე უარის გასაჩივრება;
- დაკანონებული ნაგებობის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.
დაკანონება და მუნიციპალური ინსპექცია
ხშირად დაკანონების საკითხი მაშინ დგება, როცა მუნიციპალური ინსპექცია სამართალდარღვევას ავლენს და მესაკუთრეს ჯერ მითითებას აძლევს, ხოლო მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში აკისრებს ჯარიმას ან/და იღებს დემონტაჟის გადაწყვეტილებას. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, ერთდროულად შეფასდეს როგორც ინსპექციის გადაწყვეტილების გასაჩივრების, ისე ნაგებობის დაკანონების შესაძლებლობა. დემონტაჟის მოთხოვნის შემთხვევაში დროული მოქმედება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
როგორ ვმუშაობთ
- შეფასება: ვსწავლობთ ნაგებობას, მიწის ნაკვეთის დოკუმენტებსა და არსებულ გადაწყვეტილებებს და განვსაზღვრავთ, შესაძლებელია თუ არა დაკანონება.
- დოკუმენტების მომზადება: გეხმარებით აზომვითი ნახაზის, პროექტისა და სხვა საჭირო დოკუმენტების მომზადებაში.
- განცხადების წარდგენა: ვადგენთ და ვაბარებთ განცხადებას შესაბამის ორგანოში.
- წარმოების მხარდაჭერა: ვურთიერთობთ ადმინისტრაციულ ორგანოებთან და ვავსებთ ხარვეზებს.
- რეგისტრაცია ან გასაჩივრება: დადებითი გადაწყვეტილების შემდეგ გეხმარებით რეგისტრაციაში, უარის შემთხვევაში კი ვაფასებთ გასაჩივრების შესაძლებლობას.
რა დოკუმენტები დაგჭირდებათ
- მიწის ნაკვეთზე საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი (საჯარო რეესტრის ამონაწერი);
- ნაგებობის აზომვითი ნახაზი;
- მშენებლობის ნებართვა და პროექტი — არსებობის შემთხვევაში;
- მუნიციპალური ინსპექციის გადაწყვეტილებები და მიმოწერა — არსებობის შემთხვევაში;
- ნაგებობის ფოტოები და სხვა დოკუმენტები, რომლებიც საქმეს ეხება.
რატომ LCG LEGAL
ჩვენი დამფუძნებელი პარტნიორი, სულხან კაპანაძე, 2015–2019 წლებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი იურისტი იყო. მას 15-წლიანი პროფესიული გამოცდილება აქვს, მათ შორის 10 წელი საადვოკატო პრაქტიკაში. სამშენებლო სამართალთან ერთად ვმუშაობთ მიწის რეგისტრაციასა და მერიასთან დავებზე, ამიტომ დაკანონების საკითხს ყველა მხრიდან ვაფასებთ.
იხილეთ ასევე: მშენებლობის ნებართვაზე უარის გასაჩივრება, სამშენებლო და უძრავი ქონების სამართალი, დავა მერიასთან, თვითნებურად დაკავებული მიწა, ადმინისტრაციული დავები.
ხშირად დასმული კითხვები
შესაძლებელია თუ არა ჩემი სახლის დაკანონება?
ეს დამოკიდებულია ნაგებობის სახეზე, მდებარეობაზე, მიწის ნაკვეთის სტატუსსა და კანონით დადგენილ სხვა პირობებზე. ზუსტ პასუხს დოკუმენტების გაცნობის შემდეგ გაგცემთ.
რა ხდება, თუ ნაგებობას არ დავაკანონებ?
დაუკანონებელი ნაგებობის რეგისტრაცია, გაყიდვა ან იპოთეკით დატვირთვა გართულებულია. ასევე მუნიციპალურმა ინსპექციამ შესაძლოა დაგაკისროთ ჯარიმა ან მოითხოვოს დემონტაჟი.
მუნიციპალურმა ინსპექციამ ჯარიმა დამაკისრა. შემიძლია თუ არა დაკანონება?
ხშირ შემთხვევაში ჯარიმა დაკანონების შესაძლებლობას არ გამორიცხავს. ვაფასებთ როგორც ჯარიმის გასაჩივრების, ისე დაკანონების გზას.
საჭიროა თუ არა დაკანონებისთვის საფასურის გადახდა?
დაკანონებისთვის (ლეგალიზაციისთვის) კანონით პირდაპირ დადგენილი საფასური არ არის. ფინანსური ხარჯი შეიძლება უკავშირდებოდეს შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას ან/და პროექტის შეთანხმების მიზნით მუნიციპალური ინსპექციის ჯარიმის გადახდას.
რამდენ ხანს გრძელდება დაკანონების პროცესი?
ხანგრძლივობა დამოკიდებულია საქმის სირთულესა და დოკუმენტების მზადყოფნაზე. სავარაუდო ვადებს საქმის გაცნობის შემდეგ განგიმარტავთ.
დაკანონებაზე უარი მითხრეს. რა ვქნა?
ვაანალიზებთ უარის საფუძველს. ზოგჯერ საკმარისია დოკუმენტების შევსება ან გასწორება, ზოგჯერ კი საჭიროა გადაწყვეტილების გასაჩივრება.
დაგვიკავშირდით
გსურთ, გაარკვიოთ, შესაძლებელია თუ არა თქვენი ნაგებობის დაკანონება? დაგვირეკეთ 577 404 750 ან მოგვწერეთ info@lcglegal.ge. შეხვედრა წინასწარი ჩაწერით — თბილისი, ალ. ყაზბეგის N25. შესაძლებელია ონლაინ კონსულტაცია ვიდეოზარით. პირველი კონსულტაცია უფასოა.
გჭირდებათ იურიდიული დახმარება?
მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ. მზად ვართ თანამშრომლობისთვის.